„საზოგადოება ივერიისამ“ მის საკუთრებაში არსებული ქართული ქრისტიანული კულტურის ცენტრ-მუზეუმის კონცეპტუალური დიზაინის პროექტი და მასთან დაკავშირებული ყველა უფლება კულტურის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა.
ხელშეკრულებას ხელი დღეს, კულტურის სამინისტროში, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხახემ და „საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარემ - გიორგი თავაძემ მოაწერეს.
ამ გადაწყვეტილების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში კულტურის სამინისტროს საქმიანობის მხარდაჭერაა.
მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, უმაღლესი სტანდარტების სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების - ქართული ქრისტიანული კულტურის ცენტრ-მუზეუმის კონცეპტუალური დიზაინის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსი 2019 წელს ჩატარდა.
კონკურსი საქართველოს მთავრობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და "საზოგადოება ივერიისას" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გამოცხადდა.
ამავე მემორანდუმის შესაბამისად, "საზოგადოება ივერიისამ“ სრულად დააფინანსა გამარჯვებული პროექტის კონცეპტუალური დიზაინის შემუშავება, რომლის საერთო ღირებულებამ 250 000 ევრო შეადგინა.
გამარჯვებული პროექტის ავტორია პორტუგალიელი არქიტექტორი ლუიშ ტავარეს პერეირა.
„მადლობა მინდა გადავუხადო „საზოგადოება ივერიისას“, რადგან დღეს, შეიძლება ითქვას, შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც ქართველი საზოგადოების დაკვეთით წამოწყებული ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, შემდგომი განვითარებისთვის, სახელმწიფოს საჩუქრად გადმოეცა.
საქართველოს მთავრობასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ამ პროექტს სრულად განვახორციელებთ. მასში ჩართულები იქნებიან მეცნიერები, ხელოვანები და მთელი ქართველი საზოგადოება.
ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით, რამდენიმე წელიწადში შევძლებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სამეცნიერო-კულტურული ცენტრის გახსნას", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.