თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში, N26 და N27 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე  აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა.

„ტერიტორიაზე მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული არეალები, ასევე გამოყოფილია ატრაქციონები პატარებისთვის და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევანი და განთავსდა საპარკო ავეჯი. ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებულია აღნიშნული სივრცე, რაც ძალიან კარგია. ახლა მთავარია, მოვუაროთ აღნიშნულ ტერიტორიას. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა რაიონში, უბნების დონეზე უნდა ვაწარმოოთ ამ ტიპის სამუშაოები, რათა იქ მცხოვრებ პატარებსა, თუ დიდებს ნორმალურ გარემოში დასვენების, გართობისა და ვარჯიშის საშუალება ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანავე, სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყო სარწყავი სისტემა, 9 525 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.