"ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით", - განაცხადა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, რომ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ლევან რატიანის შეფასებით, სტატია საექიმო საქმიანობის პრინციპებს არღვევს და ამბობს, რომ ამის შესახებ ყველა ექიმმა "ხმა უნდა ამოიღოს".
"ამდენი წელია მედიცინაში ვარ და არა ერთი სტატია წამიკითხავს და არა ერთი სტატიის ავტორი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით. ეს ნონსენსია მედიცინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ეს რაიმე მეცნიერებაზეა დაფუძნებული. სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. პირველი, ეს არის მორალი და მეორე ეს არის რეგულირება. ამ მიმოხილვას, რაც გინდათ ის დაარქვით, მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას და ასე შემდეგ, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია. ჩემს სახელმწიფოში როცა ეს ხდება, ალბათ ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს ამის შესახებ", - განაცხადა ლევან რატიანმა.




