„ოპოზიციის წარმომადგენლების ახლანდელ საქციელში შიშსა და პანიკას ვხედავ და ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან ნაცნობია“,- განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან არველაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს აქტიური კამპანია, რომელშიც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები არიან ჩართულნი. ოპოზიციური ტელევიზიების მიერ კეთდება სიუჟეტები და უამრავი ეთერი ეძღვნება მხოლოდ ერთადერთ თემას - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
„ყოველივე ამან ერთი რამე გამახსენა, 2011 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის. მახსოვს, მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განუზომელი შიში. ახლაც სწორედ ამ შიშს ვხედავ. ეს არის მარცხის შიში და ეს მარცხი გარდაუვალია. გპირდებით, რომ ოქტომბერში ძალიან მყარად და ძალიან დიდი დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვებთ“,- განაცხადა ლევან არველაძემ.