საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით კულტურის სამინისტროს განახლებულ სააქტო დარბაზში ბადრი ქუთათელაძის წიგნის - „დიდუბის პანთეონის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერის მოადგილე ანრი ბასილაია, საქართველოს პარლამენტის წევრი ლადო კახაძე, აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, ისტორიკოსები, მკვლევრები და დარგის სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ.
თვალსაჩინო ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ქუთათელაძე არაერთი ცნობილი პოეტური კრებულისა და შემეცნებითი სახის ალბომის ავტორია, რომელმაც დიდი ინტერესი მოიპოვა ქართველ მკითხველში.
წიგნი „დიდუბის პანთეონი“ წარმოადგენს ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომს, დიდუბის პანთეონში დავანებულ XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დიდ ქართველ მოღვაწეებსა და ხელოვანებზე, მათ ღვაწლზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში და სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი, როგორც დიდმა მამულიშვილებმა.
წიგნში ასევე აღბეჭდილია პანთეონში დაკრძალულ ქართველ პოეტთა, პროზაიკოსთა, მხატვართა, მოქანდაკეთა შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნიმუშები, უნიკალური ფოტომასალა, წერილები და ამონარიდები ქართველ პროზაიკოსთა ნაწარმოებებიდან.
წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ (ტირაჟი 500) და იგი განკუთვნილია როგორც ქართული ყოფით დაინტერესებული მკვლევართათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.