დედაქალაქის საკრებულოში გამართულ სხდომაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნასა და საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ განცხადებებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ რუსეთიდან სახმელეთო გზით საზღვრის კვეთა შესაბამისი წესების დაცვით დაშვებულია, საჰაერო გზით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა ალოგიკურია. საკრებულოს წევრმა მედიაში გავრცელებულ კადრებზეც ისაუბრა.
„ოპოზიციური არხები ავრცელებენ ჩანაწერებს, თითქოს რუსეთიდან პირველი რეისი ქართული ცეკვების თანხლებით შესრულდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, ამ კადრებზე 2021 წელს სხვა კომპანიის მიერ განხორციელებული რეისია ასახული. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ქართველი ხალხის გაღიზიანება სურთ, რაც სამარცხვინოა,“ - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.