თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი კახა ლაბუჩიძე, რამდენიმე საკითხს გამოეხმაურა, მათ შორის თბილისში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პროგრამა თითოეული მესაკუთრის ინტერესთა დაცვით ხორციელდება.
„გარკვეულმა მედიაორგანიზაციებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა ისე წარმოაჩინეს, თითქოს, მოქალაქეთა საკუთრების უფლება ილახება, რაც დეზინფორმაციაა და თბილისელების სიცრუეში შეყვანას ემსახურება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი დაინტერესებული პირების თანხმობაა, რაც გამორიცხავს მესაკუთრის ინტერესის საზიანო გადაწყვეტილების ერთპიროვნულ მიღებას.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ცრუ პიარკამპანიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, საჭიროა მათთვის დამატებითი განმარტების გაკეთება. მზად ვართ ამ მიმართულებით იმდენჯერ შევხვდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რამდენჯერაც ამის საჭიროება იქნება,“- აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.