თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა, რომელიც ცნობილი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის, მემორიალური დაფის განთავსების საკითხს ეხება.
როგორც კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, ჯემალ ცერცვაძის ოჯახის წევრების და ხელბურთის ფედერაციის მხრიდან არაერთგზის გამოითქვა ინიციატივა ხელბურთელის საცხოვრებელ სახელზე მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე.
„ჯემალ ცერცვაძე უდიდესი ხელბურთელი იყო. მსოფლიოს პრესამ მას ხელბურთის პელე შეარქვა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წელი არ იყო გასული, მემორიალური დაფის განთავსება სამართლებრივად ვერ ხერხდებოდა. გამონაკლისის სახით საკითხის განსახილველად აუცილებელი იყო ქუჩისთვის სახელის მინიჭება. საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მოხდა ქუჩის სახელდება. ჩვენი მიზანია ყველა საზოგადო მოღვაწე სათანადოდ დაფასდეს, მემორიალური დაფის განთავსებაც სწორედ აღნიშნულს ემსახურება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
მისი თქმით, სხდომაზე კომისიის წევრებმა განათლებისა და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი წერილის საფუძველზე ცნობილი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის, მემორიალური დაფის განთავსების შესახებ იმსჯელეს და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისში, კორნელი კეკელიძის №25-ში, 1972-2019 წლებში ცხოვრობდა ღირსების ორდენის კავალერი, სპორტის ოსტატი, „სპორტის რაინდის“, „საქართველოს საუკუნის სპორტსმენის“ წოდებების მფლობელი, მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავი ჯემალ ცერცვაძე. ხელბურთელის მემორიალური დაფა სწორედ ამ მისამართზე განთავსდება.