დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე ოპოზიციის ბრალდებებს ეხმიანება.
დეპუტატის განცხადებით, თბილისი საინვესტიციო კუთხითაც მიმზიდველი ქალაქია და ფაქტი, რომ ის ურბანულად და არქიტექტურულად სწორად ვითარდება, რასაკვირველია, ოპოზიციური პარტიების დამწუხრების მიზეზია.
„დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ 2024 წლის არჩევნებშიც ისეთივე უპერსპექტივო იქნება ოპოზიცია, როგორიც აქამდე იყო. საზოგადოება ხედავს ქალაქგანვითარებას და სწორედ ეს საზოგადოება გააკეთებს ჩვენს სასარგებლოდ არჩევანს მომავალშიც. რაც შეეხება თქვენს ბრალდებებს, რომ „სირცხვილია ცათამბჯენების შენება ქალაქში“, ამაზე გპასუხობთ: სირცხვილი იყო, როცა აშენებდით მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსებს, რომელთაც არ გააჩნდა რეკრეაცია. სირცხვილი იყო ყოველგვარი პარკირების და საბავშვო სივრცეების გარეშე გაცემული მშენებლობის ნებართვები. სირცხვილი არის ის, რომ ჩვენს მთავარ გამზირზე, რუსთაველზე, წლების წინ გაეცით სამშენებლო ნებართვა, რამაც ქალაქის ისტორიული იერსახე შეცვალა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.