თბილისის მერიისა და კომპანია „ას ჯორჯიას“ შეთანხმებით, ისნის რაიონში, საცხოვრებელი კომპლექსის „პარკ ბულვარის“ მიმდებარედ, 7,5 ჰექტარ ფართობზე პარკი გაშენდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ახალი პარკი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და პარკში შეკრებილ მოსახლეობას სცენიდან მიმართა.

„ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი და არა მხოლოდ ახალგაზრდა. თქვენთან ერთად, მეც გახარებული ვარ, რომ ისნის რაიონში, „დირსის“ დასახლებაში ასეთი შესანიშნავი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და მუნიციპალიტეტმა ითანამშრომლოს. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ას ჯორჯიას“ თანამშრომლობისთვის და ამ ძალიან კარგი პროექტის განხორციელებისთვის. მართლაც მშვენიერია,  საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, ატრაქციონები პატარებისთვის, ველობილიკები, გამწვანებული, განათებული სივრცე. ახლა მთავარია, რომ ამ ყველაფერს მოვუაროთ და შევინარჩუნოთ.

ჩვენ ვაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა. რომ არ იყოს მშვიდობა, შეუძლებელი იქნებოდა დღეს აქ შეკრება, შეუძლებელი იქნებოდა, თუნდაც ეს პარკი გაგვეხსნა. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია სიმშვიდეა, რასაც ცხადია,  მოყვება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება და კეთილდღეობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პარკის გამწვანების მიზნით, დაირგო 10 000-ზე მეტი ნერგი, მოწყობილია ველო და საფეხმავლო ბილიკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, ძაღლების სასეირნო ზონა და პარკისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ბულვარის სიგრძე დაახლოებით, 1750 მეტრს შეადგენს.

როგორც მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის განხორციელებისთვის კომპანიამ სამ მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა. ამასთან, თვითონ უზრუნველყოფს პარკის მოვლა-პატრონობას.