გილოცავთ 2024 წლის შემობრძანებას!
მინდა მივულოცო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. დღეს, ამ ჯადოსნურ, საოცარ ღამეს მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან ერთი სურვილის გარშემო, რომ მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყნებში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში. სულ რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გავაცილეთ 2023 წელი. მინდა მადლობა გადავუხადო 2023 წელს იმ წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს შეხვდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო მილოცვაში განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ყველა წარმატების უკან დგას უამრავი ადამიანის შრომა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც თავიანთი შრომით, თავიანთი შემოქმედებით, მიღწეული სპორტული წარმატებებით და თუნდაც, ყოველდღიური პროფესიონალური, კეთილსინდისიერი საქმიანობით ჩვენი ქვეყანა წინ წასწია, გაალამაზა ჩვენი დედაქალაქი. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, რომ შენი საქმიანობით, შენი ყოველდღიური გადადგმული ნაბიჯებით აბედნიერებდე ხალხს და ქმნიდე უკეთეს გარემოს.
ასევე, მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს, ემსახურებიან ამ ქვეყანას და მასში მცხოვრებ ადამიანებს.
სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო დამსახურებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეგობრებო! ვულოცავ სრულიად საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ჰქვია.
მინდა, ასევე მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან და ვუსურვო მალე დაბრუნება უკვე შინ, ევროპაში“, - განაცხადა კალაძემ.