„კახი კალაძე იმის ნაცვლად, რომ აგვარებდეს თბილისელების პრობლემებს, აგვარებს ნოშიკო ნამორაძის, ნინო წილოსანის, რუხაძის, ჩხარტიშვილის, გოჩა ენუქიძის, ირაკლი ღარიბაშვილის და, რა თქმა უნდა, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პრობლემებს.“ - ამის შედახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
"სამწუხაროდ, დიდი ხანია უკვე აზრი აღარ აქვს აღარც საკრებულოს კომისიის სხდომებზე განხილვას, აღარც საკრებულოს სხდომებს, ამიტომ მე თქვენთან საგნობრივ განხილვაში აღარ შემოვალ. თქვენი პოზიცია მე 7 საათიანი განხილვების შემდეგ ვნახე, აქ არიან ტელევიზიები, გვიყურებენ ჩვენი მოქალაქეები და ამიტომ მე მათ მინდა რომ მივმართო - მთავრდება ზაფხული, ჯერ კიდევ ზაფხულია და ხედავთ როგორი მძიმე სიტუაციაა საცობებთან მიმართებაში, პარკირებასთან მიმართებაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში. თქვენს გარშემო ხედავთ მილიონ პრობლემას, რომელსაც უბრალოდ ყოველდღიურად აწყდებით ცხოვრებაში. თქვენ ხედავთ, რომ იმის ნაცვლად, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემები იყოს დღითი დღე უფრო ნაკლები, სიტუაცია თბილისში უფრო და უფრო მძიმდება და ალბათ გიჩნდებათ კითხვა რატომ ხდება ესე, რომ თქვენი პრობლემების მოგვარების ნაცვლად, სიტუაცია არის ყოველდღიურად უფრო მძიმე.
პასუხი არის ძალიან მარტივი, პასუხი არის დღევანდელი დღის დღის წესრიგში, როდესაც კახი კალაძე თქვენი პრობლემების მოგვარების ნაცვლად აგვარებს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის პრობლემას, როდესაც კახი კალაძე თქვენი პრობლემის მოგვარების ნაცვლად, აგვარებს მთავარი პროპაგანდისტის რუხაძის პრობლემას, რომ ამ ქალაქში მავნებლური მშენებლობების ხარჯზე დამატებით მილიონები იშოვოს. კახი კალაძე თქვენი პრობლემების მოგვარების ნაცვლად აგორებს „ქართული ოცნების“ მორიგი დეპუტატის პრობლემას, რომ მანაც დამატებით მილიონები იშოვოს თქვენი ურბანული გენოციდის ხარჯზე. კახი კალაძე თქვენი პრობლემების მოგვარების ნაცვლად აგვარებს ჩხარტიშვილის, მისი მეგობრის საკითხებს, რატომ? იმიტომ რომ იაფი წამლების ქარხნის ნაცვლად ააშენოს ახალი კორპუსები და მილიონები იშოვოს.
კახი კალაძე თქვენი პრობლემების და მოგვარების ნაცვლად აგვარებს ირაკლი ღარიბაშვილის ნათლია მირონის, იმ ირაკლი ღარიბაშვილის საკუთარ ოჯახის წევრს ტყე რომ აჩუქა, იმ ადამიანისთვის აგარებს პრობლემას, რომ დამატებით მილიონობით დოლარი იშოვოს და დიახ, კახი კალაძე იმის ნაცვლად, რომ მოგიგვაროთ საცობების, პარკირების, გადატვირთული ტრანსპორტების, ავარიული კორპუსების პრობლემა, სუფთა ჰაერის და ეკოლოგიის პრობლემა, ჯანდაცვის და სოციალური პრობლემა, აგვარებს, რა თქმა უნდა,კვლავ და კვლავ, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პრობლემებს.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.