ძმებო და დებო გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს. თქვენთან ერთად ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
„მიხარია, რომ თქვენთან ერთად მაქვს ამ სიხარულის გაზიარების შესაძლებლობა. ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ერთმანეთთან, ქართველებს, აზერბაიჯანელებს. ჩვენ და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ვქმნით ჩვენს დღევანდელ წარმატებას და შევქმნით ჩვენს ბედნიერ მომავალს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვაკავშირებს ასეთი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, ბედნიერება, სიკეთე თქვენ და თითოეული თქვენგანის ოჯახებს. დიდი მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ“, - განაცხადა პრემიერმა.