მე სამუშაო ჯგუფის წევრი ვიყავი და დამსწრე საზოგადოებამ იცის ჩემი პოზიცია, ეს კანონპროექტი შესაჩერებელია კი არა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ. - ასე მიმართა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა (ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) გრიგოლ ვაშაძე პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას, სადაც საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.
"და გვეყოფა ეს მიტინგები. ვისაც წაკითხული აქვს აუდიტის დასკვნა, და ყველას გირჩევთ, ვისაც არ წაგიკითხავთ, დეტალურად წაიკითხოთ. იქ წერია ყველაფერი, რატომ არის ეს კანონპროექტი მისაღები. და მოქალაქეების თავებით დათვლა საჭირო არ არის. იმის დათვლაა საჭირო, ვის რა წვლილი შეჰქონდა ამ კანთორის ) ფინანსურ ფუნდამენტში. " - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, "საქპატენტის" თავმჯდომარის, სოსო გიორგაძის მიერ პარლამენტის კულტურის კომიტეტში საავტორო უფლებების ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგები წარდგენის შემდეგ, ასოციაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა.
საქართველოში საავტორო უფლებების დაცვაზე, ამ სფეროში ქვეყანაში მოქმედ ორგანიზაციებზე და კანონმდებლობაზე „აიპრესი“ უკვე წლებია წერს.
ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა კანონში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ ცვლილებების განხილვა დაიწყო.
უცხოელი პარტნიორების ჩართულობით (CLDP, USPTO, WIPO, USAID), ასევე, მოწვეული უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს.
„საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტს საავტორო უფლებების ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგები წარუდგინა და განაცხადა, რომ ავტორთა კუთვნილი თანხები იფლანგებოდა და არამიზნობრივად, ასოციაციის ადმინისტრაციულ ხარჯებზე: თავმჯდომარის და მოადგილეების ხელფასებზე და პრემიებზე, ავტომობილების და ოფისების შეძენაზე, თავმჯდომარის უცხოეთში განათლების მიღებაზე, მივლინებებზე იხარჯებოდა. „ორგანიზაცია, რომელსაც ერთადერთი ვალდებულება გააჩნია, სამართლიანად შეაგროვოს და გაანაწილოს ჰონორარები, რისთვისაც ის წესდების მიხედვით იღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას, შეგროვებული ჰონორარების 20%-ს, ნაცვლად ამისა ნახევარ წილში უზის ავტორებს".
როგორც ირკვევა GCA-ში აუდიტორული შემოწმებით 14,484,551 ლარზე მეტი ვალია.
სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ: გიგა კობალაძე აღიარებს, რომ საავტორო უფლებების ასოციაციიდან საკუთარი სარგებლისთვის ათიათასობით ლარს სესხულობდა და ავტორების ფულით საკუთარ განათლებას და მოგზაურობას აფინანსებდა