თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი ახვლედიანთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ოთარ გრიგოლიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავის აღსანიშნავად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
გიორგი ტყემალაძემ კიკვიძის ბაღში შეკრებილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მათ ჯანმრთელობა უსურვა. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, გამარჯვების მოსაპოვებლად მეორე მსოფლიო ომში დიდი მსხვერპლი სწორედ ქართველებმა გაიღეს და სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.
„ცივილიზებული სამყარო 78-ედ აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ქართველების წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში ძალზე დიდია. ჩვენი ქვეყნიდან 700 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას მეორე მსოფლიო ომში და თითქმის ნახევარი შინ არ დაბრუნებულა. მარადიული ხსოვნა მათ სახელებს. განსაკუთრებით დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ 9 მაისს ჩვენს ვეტერანებს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.