1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი მძიმედ დაშავდა.
დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„9 აპრილს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს მოხდა ერის კონსოლიდაცია მთავარი ეროვნული იდეის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარშემო და ამ იდეის ხორცშესხმა შეძლო ქართველმა ხალხმა. აქედან დაიწყო საბჭოთა რეჟიმისგან გათავისუფლება და 1991 წლის 9 აპრილს მოგვიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე აღსავსეა ტრაგიზმით და ამასთანავე ქართული მებრძოლი სულის, თავგანწირვის, გმირობის მაგალითია. დღეს პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულ ახალგაზრდებს, ქედს ვიხრით მათ წინაშე და ამასთანავე ვამაყობთ მათი უდრეკი ნებით და შინაგანი სიმტკიცით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.