"არასოდეს არ მიყვარს საკუთარი ემოციების გაზიარება, მით უფრო პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ამბავი რომ არ მოვყვე არ შემიძლია: 2 წლის წინ მე და ჩემი მეგობრები ერთ დიდ "სამუზეუმო" შეკრებაზე თითქმის ჩაგვქოლეს... ფაქტიურად გამოგვაგდეს იმ ორგანიზაციის მმართველობიდან რომლის პირველი წევრები  ვიყავით... ხმა არ ამოგვიღია, გამოვედით და ახალი სამუზეუმო ორგანიზაცია "საქართველოს მუზეუმელთა ალიანსი" ჩამოვაყალიბეთ-  პირველ შეხვედრას 200 ზე მეტი დელეგატი დაესწრო, მეორეზე უკვე 400 ზე მეტი იყო. დღეს კი "საქართველოს მუზეუმელთა ალიანსი" ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული სამუზეუმო ორგანიზაციის წევრი გახდა; ვულოცავ ყველა ალიანსელს, ვულოცავ ჩემს თავსა და ჩემს მეგობრებს!" - ამის შესახებ  გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.


საქართველოს მუზეუმელთა ალიანსი და ხელოვნების სასახლე – “ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის” (NEMO – The Network of European Museum Organisations) ოფიციალური წევრი გახდა. NEMO-მ აღნიშნული სიახლე საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. 
1. https://www.facebook.com/story.php?story_fbid=804867425018018&id=100064843022245&mibextid=WaXdOe
2. https://www.facebook.com/story.php?story_fbid=809162077921886&id=100064843022245&mibextid=WaXdOe 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ფინეთის ქალაქ ლაჰტში შვიდი დელეგატისგან შემდგარი ოფიციალური სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა NEMO-ს ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით: „NEMO European Museum Conference 2023 - and... ACTION! Museums in the climate crisis“ (კონფერენცია ეხებოდა მუზეუმებისა და კლიმატური კრიზისის საკითხებს). დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს სამუზეუმო დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო სიმონიშვილი; სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი; გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი; დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოკუჯავა; ხელოვნების სასახლის დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი ნუცი კაჭახიძე; ხელოვნების სასახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ კიკვაძე; ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნონა ქარციძე. კონფერენცია ეძღვნება კლიმატური კრიზისის გავლენას მუზეუმებზე და მასში ევროპის წამყვანი კულტურული ინსტიტუციები მონაწილეობენ.


ჯგუფი კონფერენციის ეგიდით აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს NEMO-ს წარმომადგენლობასთან, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების გასაღრმავებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს მუზეუმელთა ალიანსი და საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) ოფიციალური წევრები გახდნენ. ასოციაცია აკავშირებს ევროპის მუზეუმებსა და მათში მომუშავე პროფესიონალებს. NEMO-ს მისიაა კულტურული ინსტიტუციების მხარდაჭერა, ადვოკატირება და თანამშრომლობის პლატფორმის განვითარება ევროპის მუზეუმებსა და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს შორის.

ინფორმაციისთვის: ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მუზეუმელთა ალიანსი“, რომელიც დღეს 500-ზე მეტ პროფესიონალ მუზეუმელს აერთიანებს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ხელოვნების სასახლე -კულტურის ისტორიის მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმებისა და ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგად დაფუძნდა. საქართველოს მუზეუმელთა ალიანსმა 2022-2023 წლებში, საქართველოს მუზეუმების ისტორიაში პირველად, ქართველ მუზეუმელთა ასამბლეა გამართა. ორივე ყრილობაზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა წლის საუკეთესო მუზეუმელები ვერცხლის სამკერდე ნიშნებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა. ღონისძიებებს ესწრებოდნენ თანამშრომლები როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ასევე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან.