საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. მან ისაუბრა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, უნივერსიტეტის მიღწევებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდამჭერ ინიციატივებსა და არსებულ სიახლეებზე.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის.
ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.
უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და ქალაქ ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების პროგრამებთან ერთად ხორციელდება 32 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, სტუდენტები თეორიულ განათლებასთან ერთად ადგილზე გადიან საჭირო პრაქტიკას.
ამ ეტაპზე უნივერსიტეტში 3 სამაგისტრო, 8 საბაკალავრო, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, 28 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და 18 მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების კურსი ხორციელდება.