ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა.

შეხვედრაზე ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევაზე ისაუბრეს.

განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ასევე - „ზრუნვის შრომა საქართველოში: დროის გამოყენების კვლევის ძირითადი მიგნებები“.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაში სოციალური დაცვის სისტემის როლზე. საუბარი ასევე შეეხო მშობლის შვებულების საკითხს და შრომასთან დაკავშირებულ პოლიტიკას.

შეხვედრისას დისკუსია გაიმართა ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭირო ღონისძიებებზე.

ბათუმში გამართულ სამუშაო ჯგუფის გასვლით შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება დემოგრაფიული მდგრადობის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის მიგრაცია, შრომის ბაზარზე მონაწილეობა, ოჯახების მხარდაჭერა, ჯანმრთელობა, განათლება და რეგიონული განვითარება.

რეგულარული კონსულტაციებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გზით, ჯგუფი ხელს უწყობს პრაქტიკული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებას, ინსტიტუციური კოორდინაციის გაძლიერებას და საქართველოს დემოგრაფიული გამოწვევებისადმი საერთო, მდგრადი და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას.