საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს.
მინისტრი, პანელური დისკუსიის – „დაბალანსებული მიდგომების შემუშავება სკოლამდელი და უმაღლესი განათლების საფეხურებზე‘‘ ფარგლებში, მსოფლიოს 114 ქვეყნის განათლების მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგა და საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების პერსპექტივებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და განათლების ყველა საფეხურზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ხარისხიან განათლებაზე უწყვეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ადამიანური კაპიტალის განვითარება. ამ მიზნით განათლების სექტორის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება.
მინისტრის თქმით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრო, როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, აქტიურად ახორციელებს რიგ რეფორმებს. მათ შორის, მან განსაკუთრებით გამოყო ზოგადი განათლების სფეროში არსებული სიახლეები – ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, მასწავლებლის ეროვნული პრემია და ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები.
საუბრისას გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მიმდინარე სიახლეებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებაზე. ამ მიზნით შემუშავებულია ახალი ხედვა, რომელიც პროფესიული განათლების საფეხურზე კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკანასკნელ წლებში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით.
გიორგი ამილახვარმა ასევე ისაუბრა ტრანსნაციონალური განათლების შესახებ და ამ მიმართულებით ჩატარებულ სიღრმისეულ კვლევაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ბრიტანულმა ორგანიზაციამ Times Higher Education ((THE) საქართველოში აწარმოვა. მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების კუთხით.
ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენს განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები, ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორც განათლების სფეროს განვითარების მექანიზმები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრები მსჯელობენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ და დანერგონ ეფექტიანად თანამედროვე მოღწევები სწავლა-სწავლების პროცესში.