საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 29 აპრილს გამართულ სახალხო შეკრებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ისაუბრა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით მთავრობის მიერ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დღეს რუსთაველის გამზირზე ვდგავარ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორც ერთი თავისუფალი, ამაყი საქართველოს მოქალაქე. აქ ასეთი ასობით ათასი ადამიანია შეკრებილი.
ვინც, ამ კანონს - გამჭვირვალობას, თავისუფლებას, ღირსებას, ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეძახის რუსულს, არიან ადამიანები, რომლებმაც პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის 20% ჩააბარეს ოკუპანტ ქვეყანას. მათ ქართული ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად გადასცეს რუსეთს.
დღეს ვხედავთ, რაც გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად - ჩვენ ისე დავუახლოვდით ევროპას როგორც არასდროს. მსგავსი არც ერთ ხელისუფლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, არ გაუკეთებია.
შესაბამისად, ახალგაზრდებს მინდა, მივმართო - მეგობრებო, შეხედეთ ისტორიას შეხედეთ ფაქტებს, შეხედეთ ჩვენს გაკეთებულ საქმეებს და შეხედეთ იმ მომავალს, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. არაფერი ამ კანონში არ წერია ისეთი, რაც ოდნავადაც კი დააზიანებს ევროპულ ღირებულებებს, დააზიანებს დემოკრატიულ ღირებულებებს და დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
საქართველოს აქვს ძალიან მდიდარი ისტორია, ქართული ენა, უნიკალური დამწერლობა, სარწმუნოება, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. სწორედ ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობისა და, რა თქმა უნდა, ღირსების პატივისცემით გვინდა ჩვენი ქვეყანა ხვალ ევროპაში შევიყვანოთ. ეს უდავოა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასე იქნება, რადგან სწორედ ღირსებაა, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო და რითაც მრავალ ტანჯვას, მრავალ განსაცდელს გავუძელით.
გვახსოვს, ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, თითქოს კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, რეალურად კი, ყველაფერი პირიქით ხდება მეგობრებო.
მოთმინებით ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ და, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობით ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას ძალიან მალე.
წარმოუდგენელია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ისინი, ვინც ამ ქვეყნის განვითარებაში დებდნენ ინვესტიციებს და გულწრფელად ეხმარებოდნენ ჩვენს ქვეყანას, წინააღმდეგნი იყვნენ ამ კანონის. მათ პირველ რიგში ეს ღირებულება თავად დაამკვიდრეს თავიანთ ქვეყნებში და თვითონ აქვთ მსგავსი კანონი მიღებული.
მე მინდა, დღეს მოვუწოდო მათ, შეხედონ რუსთაველის გამზირს. დიახ, დღეს აქ იკრიბება ამაყი ქართველი ერი, რომელიც კიდევ ერთხელ იტყვის თავის სათქმელს - ჩვენ მივდივართ წინ, მივდივართ ევროპისკენ, რა თქმა უნდა, ღირსებით,” - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
დღეს, პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს .
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
ასევე, ევროპარლამენტარები მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, 2024 წლის 3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო რაც დღემდე გრძელდება