სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლის და საველე გასასვლელების მოწყობას.
პროექტის ფარგლებში, პირველ 6 კილომეტრზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენის დაგება, ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მონტაჟი, მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული მონაკვეთის გახსნა ავტოტრანსპორტისთვის მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად არის გაყოფილი, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე ექსპლუატაციაშია შესული.
ახალი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია და მთლიანობაში 52 კილომეტრს მოიცავს – ზესტაფონ-ქუთაისის შემოვლით იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება. მშენებლობა ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, საერთო ღირებულება 324.6 მილიონ ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.