ჩემს ბოლო პოსტზე ზოგმა გამოხმაურებამ ჩვეულებრივზე მეტად გამაკვირვა. დავწერე, რომ ილია თოფურია ქართველია (იგულისხმება - მისი გამარჯვებით სიხარული სრულიად ბუნებრივია). ეს იმიტომ დავწერე, რომ ფეისბუქზე ამაზე დისკუსია დამხვდა, ზოგი ამბობდა, რახან პასპორტით ესპანელია, ქართველი აღარ გამოდისო.
ამაზე ვიღაცები გამიბრაზდნენ: რატომ შეგაქვს ეჭვი თოფურიას ქართველობაში და რატომ არ გვაცლი მისი გამარჯვებით სიხარულსო? გეტყობა, ბოროტი ადამიანი იქნებიო. - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
ანუ, ის აზრი მომაწერეს, რასაც ვეკამათებოდი.
რით უნდა ავხსნა ეს? ბუნებრივად გახსენდება ცნობილი ტესტები, რის მიხედვითაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა ქართველების ძლიერი მხარე არაა. შეიძლება, არც უმაგისობაა.
არის ელემენტარული უყურადღებობაც: მთელი დღის სქროლვით დაქანცულს, რაღაც სიტყვა ცუდად მოგვხვდა თვალში და გაბრაზდი. მთელ პოსტს ყურადღებით ხომ არ წაიკითხავ? სად არის მაგის დრო, როცა კიდევ ამდენი სასქროლია!
მაგრამ მგონია, პრობლემა უფრო ღრმაა. ეს მსჯელობის, ფიქრის შიშია. მთავარია, უბრალოდ იზეიმო რაც საზეიმოა. მსჯელობა ეშმაკისაა. ვინც მსჯელობს („ფილოსოფოსობს“), საეჭვო ხალხია. კარგი ისაა, ვისაც უბრალოდ უხარია, რაც სასიხარულოა და წყინს, რაც საწყენია.
ზოგმა იმაზეც დამცინა, მაგანო თოფურია ჩაგუგლაო! ქართველ კაცს გუგლი რად უნდა ჭეშმარიტების დასანახად!
მსჯელობა და "ფილოსოფოსობა" თავად ამ პრობლემასაც სჭირდება: რატომ ემტერება ხალხი მსჯელობას? მაგრამ ნამეტანსაც არ ვიზამ, ისედაც გატეხილი მაქვს სახელი 😄" - წერს გია ნოდია.
ცმობისთვის, გია ნოდიამ ილია თოფურიაზე "ფეისბუკში" დაწერა - რომ ჩავგუგლე, ქართველ-ესპანელი მებრძოლიო, ამომიგდო, მთავარია, თავად რა იდენტობა აქვს - აშკარაა, რომ ქართველობს