უახლოეს ორ თვეში კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, ამას ექნება თავისი პლუსებიც და მინუსებიც. იგივე ითქმის სტატუსის არმიღების სცენარზე. ეს ცალსახა საკითხი არ არის, ამაზე დისკუსია სრულიად ნორმალურია. გასაკვირი ისაა, ამაზე მეტს რომ არ ვკამათობთ, - - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
„ზოგ პროდასავლელ ლიბერალს უკვირს, რომ მათ წრეში არ არის ერთიანი აზრი იმაზე, სასარგებლო იქნება თუ არა (ან რამდენად სასარგებლო იქნება) საქართველოს ევროპული მომავლისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება არსებულ ვითარებაში. ვკითხულობ წინადადებებს: „ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს“, „შევწყვიტოთ დისკუსია“ (ოღონდ ისე, რომ ყველა მე დამეთანხმოს).
„ევროპა მინდა, მაგრამ ევროპამდე მისასვლელ გზებზე დისკუსია არ მინდა“ ძალიან უცნაური პოზიციაა. ევროპა მათ შორის იმით არის მომხიბლავი, რომ იქ დისკუსია აკრძალული არ არის.
(იქაც ებრძვიან აზრის გამოხატვის თავისუფლებას სხვადასხვა - განსაკუთრებით, პროგრესული - იდეოლოგიური სოუსით, მაგრამ ჯერ მაინც ვერ მოერივნენ).
უახლოეს ორ თვეში კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, ამას ექნება თავისი პლუსებიც და მინუსებიც. იგივე ითქმის სტატუსის არმიღების სცენარზე. ეს ცალსახა საკითხი არ არის, ამაზე დისკუსია სრულიად ნორმალურია. გასაკვირი ისაა, ამაზე მეტს რომ არ ვკამათობთ.
და კიდევ - მოვეშვათ თვითცენზურის ამ ახალ ნაირსახეობას: „ვაიმე, ხელისუფლებამ ჩემი ნათქვამი სათავისოდ არ გამოიყენოს“. ხელისუფლება ნებისმიერი ჩვენი ნათქვამის სათავისოდ გამოყენებას შეეცდება. ამის გამო უკან არ უნდა დავიხიოთ იმის თქმაზე, რაც სათქმელი გვგონია“, - წერს გია ნოდია.