ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია. 1977 წელს მან ჩაიბარა მარგინალური ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ცხოვრებაში დიდი როლი არ ჰქონდა. მისი მოსვლით იწყება თანდათანობითი აღმავლობა. ელიტური ახალგაზრდობა ეკლესიაში სიარულს იწყებს. ეს ეპოქის კანონზომიერება იყო, მაგრამ ახალგაზრდა პატრიარქის ქარიზმაც მნიშვნელოვან ფაქტორს შეადგენდა. - ამის შესახებ პოლიტოლოგიი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
"ილიას ლიდერობის პერიოდში ეკლესია თანდათან იქცა მთავარ ეროვნულ ინსტიტუტად. ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს პირველ რიგში სწორედ ეროვნული ინსტიტუტი იყო და მხოლოდ ამის შემდეგ - რელიგიური. საეკლესიო მრევლი უმცირესობაა, თუმცა გალენიანი, მაგრამ ეკლესიის და, განსაკუთრებით, პატრიარქის ავტორიტეტი შორს სცდება მრევლის საზღვრებს.
ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ პოლიტიკური ლიდერები და ზოგადად პოლიტიკური პროცესები საზოგადოებას ყოფდნენ და მის გაწბილებას იწვევდნენ, პოლიტიკა კონფლიქტთან და , ხშირად, ჩაგვრასთან იყო ასოცირებული. ეკლესია კი სიმბოლური ერთიანობის ადგილად იქცა, ხოლო პატრიარქი - ერის სიმბოლურ ლიდერად.
მას დაახლოებით ის ფუნქცია ჰქონდა, რაც მონარქს კონსტიტუციურ მონარქიებში: მის შეგონებებს დიდად არ უსმენდნენ, მაგრამ მის ავტორიტეტს აღიარებდნენ.
ილია II 1990-იან წლებში ან თუნდაც ნაციონალების მმართველობის პირველ წლებში რომ გარდაცვლილიყო, ბევრი არავინ იტყოდა (ან ვერ გაბედავდა ეთქვა), რომ იგი „წინააღდეგობრივი ფიგურაა“. მისი საჯარო კრიტიკა ტაბუ იყო, ძალიან იშვიათი გამონაკლისებით. ამ მხრივ, ბოლო ოც წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა.
ეკლესიამ თავისი ავტორიტეტის და გავლენის პიკს 1990-იანებში და, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის მამრთველობის პერიოდში მიაღწია. იმიტომ არა, რომ სააკაშვილმა მას დაფინანსება მკვეთრად გაუზარდა - ეს მეორეხარისხოვანი დეტალია. ეკლესია აღიქმებოდა საკმაოდ ძლიერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ და მისი რაღაც ხარისხით გამაწონასწორებელ ძალად. ის ერთადერთი სოციალური ძალა იყო, რომელსაც ხელისუფლება ანგარიშს უწევდა.
ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ეკლესიის ავტორიტეტმა ნელ-ნელა, მაგრამ დაკნინება დაიწყო. მის კრიტიკაზე ტაბუ მოიხსნა. შიდა სკანდალები და დაპირისპირებები გარეთ გამოვიდა. პირადად პატრიარქს ეკლესიაზე მაღალი ავტორიტეტი დარჩა, მაგრამ მისი კრიტიკაც აღარავის უკვირდა.
ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეკლესია ხელისუფლების უმცროსი პარტნიორი გახდა. საზოგადოება მას ვეღარ ხედავს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მორალურ ძალად. ყველგან, სადაც ეს ხდება, ეკლესიის ავტორიტეტი ეცემა.
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია." - წერს გია ნოდია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.








