აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.
როგორც სამძიმრის წერილში საჰიბა გაფაროვა აღნიშნავს, ყოველთვის დიდი პატივისცემით გაიხსენებენ მისი უწმინდესობის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში.
„დიდი მწუხარებით მივიღეთ ინფორმაცია გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობა ილია მეორის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში, აგრეთვე ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართულ მის დიდ ძალისხმევას. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ამ დიდი დანაკარგის გამო და ჩემი სახელით, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ, პარლამენტის წევრებსა და თქვენი ქვეყნის მეგობრულ ხალხს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.




