დღეს, მცხეთაში ჯვართაღმართების ტრადიციული დღესასწაული აღინიშნება.

წელს, 04.05.2025. ჯვართაღმართების დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის ტაძარში საღმერთო ლიტურგიის შემდეგ სამ ახალ ჯვარს ნავებით, გადააბრძანებენ გეთსამანიის ბაღში აღმართულ “ქართლის მოქცევის”სვეტთან. აქედან გზები სამად გაიყოფა. ჯვრებს მიაბრძანებენ მცხეთის ჯვრის, თხოთის მთისა და უჯარმის ტაძრებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს:

"ჯვართაღმართება

მცხეთა - "წმიდაი ესე დედაქალაქი", ქართული სახელმწიფოს დაბადებისა და ჩვენი ერის მეორედ შობის ( გაქრისტიანების) ადგილია.

სვეტიცხოველი ძველი და ახალი აღთქმის ორი უდიდესი სიწმიდის - წმ. ელიას ხალენისა და უფლის კვართის სამარხია.მცხეთა კვართის მცველი ქალაქიადა მისი მისია IV საუკუნეში გაცხადდა, როდესაც ღმრთის ნებით და წმ. ნინოს ღვაწლით ქალაქი და მისი არემარე სასწაულების არეალად გადაიქცა:

ბაგინეთის ("მთა ქართლის") წვერზე წმ. ნინოს ლოცვით დაიმსხვრა ქართველთა მთავარი კერპი;

უფლის კვართზე აღმოცენებული "ლიბანის ხის"-გან გამოკვეთილი ძელი, ანგელოსის მიერ ზეცად იქნა აღტაცებული და იქედან ცეცხლოვანი და მირონმდინარე სვეტიცხოველი დაგვიბრუნდა;

სვეტიცხოვლის სასწაულის შემდეგ, როდესაც გასრულდა მირიანისეული ტაძრის მშენებლობა და მცხეთაში, კონსტანტინე დიდის მიერ წარმოგზავნილ სასულიერო პირებმა მოინათლეს მეფე-დედოფალი ოჯახით და "ყოველი ერი" წმ. ეპისკოპოსმა იოანემ ჯვრების აღმართვა განიზრახა. მცხეთის ჯვრის ფერდზე, წმ. ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროსთან ("ძუძუს წყარო"), იდგა სასწაულთმოქმედი აკაკის ხე, რომელიც დასნეულებულ ცხოველებსა და ფრინველებს კურნავდა. წმ. ეპისკოპოსმა ბრძანა, რომ "... ხე მშვენიერი" ჭეშმარიტად ძველთაგან იყო დანერგილი ამ ადგილას უფლის ნების აღსასრულებლად, რათა მისგან "ჯვარი ძლევისაი" გამოკვეთილიყო, "რომელსა თაყვანს სცემს მთელი სიმრავლე ქართლისა.". 

წმ. ნინომ, წმ. ეპისკოპოსმა იოანემ მეფესთან და მორწმუნე მრევლთან ერთად ზეციური სასწაულის მიხედვით მონიშნულ ადგილებზე - მცხეთას, უჯარმასა და თხოთის მთაზე სამი პატიოსანი ჯვარი აღმართეს. ამ დღესასწაულს ჯვართაღმართება ეწოდება.

X ს.-ის შატბერდის კრებულის - "მოქცევაი ქართლისაი"-ის ტექსტი გვამცნობს, რომ წმ. მირიან მეფემ და ერმა "...დააწესეს დღესასწაული ძლევით შემოსილისა ჯუარისაი აღვსებისა ზატიკისა ზატიკსა, დღესა კვირიაკესა (აღდგომიდან მესამე კვირა) ყოველმან ქართველმან, ვიდრე დღეინდლად დღემდე და ვიდრე უკუნისამდე." 

ჯვრების აღმართვას ქართლში კერპთამსხვრევა მოჰყვა - "...და ვითარცა აღემართა ნიში ჯუარისაი ქუეყანასა მას ქართლისასა, მეყსეულად დაეცნენ ყოველნი კერპნი, რომელნი იყუნეს საზღუართა ქართლისათა და შეიმუსრნეს, და საკერპონი დაირღუეს.".

ჟამთა ვითარების გამო, ეს დღესასწაული და მცხეთა, როგორც წმიდა დედაქალაქი დავიწყებულ იქნა.

2007 წ., სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღდგა და საეკლესიო კალენდარში განახლდა ხსენება ქართული ეკლესიის ამ უძველესი დღესასწაულისა:

IV ს.-ში აღმართული ჯვრებიდან, დღეს ორია შემორჩენილი - მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოვლის ტაძარში, ჩრდილოეთის კედელთან, უფლის კვართის მოპირდაპირედ არის დაბრძანებული და თხოთის ჯვარი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია აღმართული. უჯარმის ჯვარ-პატიოსანი კი, როგორც ვიცით, - 1923-24 წწ.-ში ანტირელიგიური პროპაგანდის დროს გაანადგურეს, თუმცა ამ ჯვრის მცირე ნაწილი, კუკიის წმ. ნინოს ტაძარშია დაცული.

წელს, 04.05.2025. ჯვართაღმართების დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას აღავლენს წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია). 

ლიტურგიის შემდეგ სამ ახალ ჯვარს ნავებით, გადააბრძანებენ გეთსამანიის ბაღში აღმართულ “ქართლის მოქცევის”სვეტთან. აქედან გზები სამად გაიყოფა. ჯვრებს მიაბრძანებენ მცხეთის ჯვრის, თხოთის მთისა და უჯარმის ტაძრებში. ამ ტაძრებში წინა წელს აღმართულ ჯვრებს კი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, სამ ეპარქიაში წააბრძანებენ, მცველად და მფარველად ქართველი ერისა.

კერძოდ:

მცხეთის ჯვრიდან - შიო მღვიმის მონასტერში;

თხოთის მთიდან - თრუსოს 

მთავარანგელოსთა ტაძარში;

უჯარმიდან - ალავერდის მონასტერში.

მიიღეთ მონაწილეობა ჯვართამაღლების დღესასწაულში."- ნათქვამია ინფორმაციაში.