დღეს ლაზარეს შაბათია- ბზობის წინა შაბათი. ამ დღეს ეკლესია დღესასწაულობს, ოთხი დღის მკვდარი და საფლავში დადებული, მართალი ლაზარეს მაცხოვრის მიერ მკვდრეთით აღდგინებას.
"ლაზარეს შაბათს" ყველა ქრისტიანი ზეიმით აღნიშნავს ბზობის წინა დღეს. ლაზარეს აღდგინება არის ქრისტეს ამქვეყნიურ სასწაულებში (აღდგომის გარდა) უდიდესი. უფალმა დაუშვა 4 დღე მკვდარი ყოფილიყო მისი საყვარელი მეგობარი ლაზარე, რათა მისი აღდგინებით ებრაელ ხალხს ეწამა, რომ ქრისტე ღმერთია, რომ ის არის მათი სანატრელი მესია, ამდენი საუკუნე რომ ელოდნენ. ქრისტეს ბოლო ცდა იყო, რომ ებრაელობას არ მიეღო მონაწილეობა ქრისტეს წამებაში. იგი მაინც გაეკვრებოდა ჯვარზე კაცობრიობის სახსნელად, რადგან თვითონვე ამბობდა, რომ „ამისთვის მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა ქვეყნად, რათა აღეხოცნა პირველქმნილთა ცოდვები“, მაგრამ მისი უდიდესი სურვილი იყო ღვთის რჩეულ ერს არ მიეღო მონაწილეობა უსჯულოების ამ ზეიმში. უკვე აყროლებული ლაზარეს მხოლოდ სიტყვით აღდგინების შემდეგ, ებრაელთა უმრავლესობამ იწამა, რომ ქრისტე ღმერთი და მხსნელია, ამიტომ შეხვდნენ ბზობის დღესასწაულზე იერუსალიმში დიდებით.