შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული დ.ჰ. დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ელექტროსასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 13 ძირი კანაფი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.