"წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედავ ვალშია მათ წინაშე" – ასე მიმართა ომში წასვლის წინ საზოგადოებას ეროვნულმა გმირმა, ჟიული შარტავამ.
დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა, მას 77 წელი შეუსრულდებოდა...
ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 1995 წლის ივნისში, ინგლისში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქვა: „ერთ მაგალითს გიამბობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან
. იმ პერიოდში, ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი, რუსთავის მერი. კომუნისტური რეჟიმის დროს, შარტავა ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ, შემდეგ თანდათან დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული (დავითი – ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა: მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ, სამშობლო გადამირჩინეო. სამი დღის შემდეგ, სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს, ჟიული ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ, პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ, ერთი კია – გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია.” ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და, ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში”.
საქართველოს მე-2 პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დემიკო ლოლაძის წიგნში – "ჟიული შარტავა, უკვდავებაში გარდასული სიცოცხლე" ეროვნულ გმირს ასე იხსენებს: "მე და შენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. არ მახსოვს, შენ რომელიმე ჩემს თხოვნაზე ან დავალებაზე უარი გეთქვა. ყველაზე საბედისწერო თხოვნა კი იყო ის, აფხაზეთის გადასარჩენად სოხუმში წასვლა რომ გთხოვე. მადლობელი ვარ მე და მთელი ქართველი ხალხი იმისათვის, რომ შენ ქვეყნის სახელით მიიღე ეს დავალება. ერთი რამ არ შეასრულე ჩემი თხოვნიდან და ჩემი ბრძანებიდან, ჟიული – ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, როცა ალყაში ექცეოდა, ალყაში ხვდებოდა მთავრობის სასახლე. მაშინ მე გითხარი: სასწრაფოდ გამოდით!.. რაღაც ძალებიც გადმოგისროლეთ… მაგრამ, შენ არ გამოხვედი მთავრობის სასახლიდან მანამ, სანამ ყველა თანამშრომელმა არ დატოვა შენობა. მე მახსოვს, როგორ დაეცა მსოფლიოში სახელგანთქმული ლეგენდარული ალიენდე – სწორედ ისე, როგორც შენ. შენ საქართველოს ალიენდე ხარ და ასეთად დარჩები ჩვენი ხალხის ისტორიაში, ჩვენს გულსა და მეხსიერებაში…"
ცნობისთვის, ჟიული შარტავა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ.
1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.