თბილისში, რკინიგზის ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. წ, ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი   ხანძრის გამო, თოდუას კლინიკიდან პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობს.

 პაციენტები სხვა კლინიკებში სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაჰყავთ.

რკინიგზის ვაგზლის ტერიტორიაზე ე.წ  ბორჯომის ბაზარში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია  - ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა მედიასთან განაცხადა. 

მისივე განცხადებით, ხანძრის გამო, ტერიტორიაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

"112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.

მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულა კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.