ბაკურიანში ბიატლონის ახალი 3.5 კმ-იანი ტრასის მშენებლობა დასრულდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბიატლონის ახალი ტრასა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უკვე თებერვალში უმასპინძლებს.
სამინისტროს ცნობით, 3.5 კმ სიგრძის ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასის სამშენებლო სამუშაოებთან ერთად ჩატარდა სათხილამურო ტრასის განათების სისტემის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები.
იტალიური კომპანიის მიერ მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რისთვისაც ჩატარდა წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები.
ბაკურიანში ბიატლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 2024 წელს დაიწყო.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 18.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.