მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება. - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა.  

"ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში.

მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე." - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი დგებუაძემ განაცხადა:  "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.