რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საპყრობილეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან, სადაც რუსეთის ინტერესების სექცია მდებარეობს, რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ყვავილები, სანთელები, ალექსეი ნავალნის სურათები და საპროტესტო პლაკატები წარწერით - „პუტინი მკვლელია“, „რუსეთი იქნება თავისუფალი“, „მკვლელები“, „არ დაივიწყო, არ აპატიო“.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.