თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა განცხადებით მიმართეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის  აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს.

ვეფხია კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. თუმცა არ დაკმაყოფილდა.

ერთ-ერთი დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სავარაუდოდ უჰაერობის გამო, შეუძლოდ გახდა. რის შემდეგ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.  დარბაზში იმყოფებიან დაკავებულების ახლობლები და ნათესავები. 

სხდომათა დარბაზში გამოცხადებული შესვენება დასრულდა და სხდომა განახლდა. სადაც ადვოკატებმა დარბაზის გამოცვლასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართეს მოსამართლეს. რომელიც არ დაკმაყოფილდა. რის შემდეგ დაკავებულებმა და ადვოკატებმა პროტესტს ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

მოსამართლემ მათ გარეშე განაახლა სხდომა. დაკავებულებს  სახაზინო ადვოკატები დაენიშნათ. საქმის გასაცნობად კი მათ დრო ითხოვეს. 

მოსამართლემ სხდომაზე შესვენება 18:00 საათამდე გამოაცხადა.

"ბატონო ირაკლი, თქვენ წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ზვიად ცეცხლაძის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, ვეფხვია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის მიმართ, 225-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე წარმოვადგენთ ბრალდებულთა ინტერესებს, რომლის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა მიმდინარეობდა, რა დროსაც დარბაზში არ იყო სათანადო პირობები, არც ბრალდებულებისთვის, არც ადვოკატებისთვის. ამის მიუხედავად ჩვენი შუამდგომლობა პროცესის შესაბამის დარბაზში გადატანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. რის შედეგადაც ბრალდებული გახდა ცუდად, აუცილებელი გახდა სამედიცინო დახმარება. სასამართლომ არცერთი ნახსენები გარემოება არ გაითვალისწინა, რის გამოც ბრალდებულები და ადვოკატები იძულებული გავხდით დაგვეტოვებინა დარბაზი, ისე რომ ყველა ადვოკატის პოზიცია არ მოგისმენიათ.

მოგახსენებთ, რომ ჩვენ ბრალდებულების მიერ არჩეული ადვოკატები ვრჩებით უფლებათა დამცველებად, გთხოვთ მოგვცეთ დაცვის უფლების ჯეროვნად განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ არ ვაცხადებთ უარს დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე. ვითხოვთ სამუშაო და ადამიანურ პირობების შექმნას. გთხოვთ სხდომა გადაიტანოთ შესაბამის დარბაზში." - ნათქვამია განცხადებაში.