ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაძლებელი გახდება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა.
„ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული თანამშრომლობა. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად კანონში განსაზღვრულია შესაბამისი ორგანოს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა. თუმცა, არსებული ნორმატიული რეგულაცია ავტონომიურ რესპუბლიკებს არ მოიცავს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა, კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობაში არსებული მექანიზმების გამყარება, რომელიც ხელს შეუწყობს თანასწორობის პოლიტიკის სისტემურ განხორციელებას, დისკრიმინაციის ეფექტიან გამოვლენასა და აღმოფხ
ვრას.




