იუსტიციის სახლში დილიდან ხალხმრავლობა იყო - დღეიდან, 5 სექტემბრის ჩათვლით, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები პირადობის მოწმობებს შეღავათიან ფასად მიიღებენ. იუსტიციის სამინისტროს აქციის ფარგლებში, საბუთი მე-10 სამუშაო დღეს ნახევარ ფასად გაიცემა, ფოტოსურათი კი უფასო იქნება.
ID ბარათს შეღავათიან ფასად მიიღებენ ️ მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაწესებული აქცია შეეხება იმ სრულწლოვან მოქალაქეებსაც, რომლებსაც აქამდე არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა.
განახევრებული ფასებით ისარგებლებენ ის მოქალაქეებიც, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტი მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ, ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს.
აქციის მიზანი მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტებით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფაა. ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.