ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 20 ივნისის 11:00 საათიდანაა შესაძლებელი.  


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ  გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე მითითებულია შესაბამისი ინფორმაცია, აუცილებელია მან წარადგინოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)   11 აგვისტოს ჩათვლით  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზანას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) გამოყენებით. სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებს ჩარიცხვებში მონაწილეობას.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და  შედის იმ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).


გთავაზობთ 2025 წლის გამოცდების განრიგს.


ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 - საგამოცდო ცენტრები და მათთან მისასვლელი მარშრუტებისაერთო სამაგისტრო გამოცდა 2025 - საგამოცდო ცენტრები და მათთან მისასვლელი მარშრუტები სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 2025 - საგამოცდო ცენტრები და მათთან მისასვლელი მარშრუტები მასწავლებლის გამოცდა 2025 - საგამოცდო ცენტრები და მათთან მისასვლელი მარშრუტები
2025 წლის საგამოცდო პროცესი  3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.  22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან  ჩაერთვებიან.  10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას  21 და 22 ივლისს  ჩააბარებენ.