ახალი, MAN მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი N305 მარშრუტზე გავიდა.
აღნიშნულ მარშრუტზე დღემდე 10-მეტრიანი ავტობუსები მოძრაობდნენ და ე.წ. აფრიკის დასახლებიდან მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე გადაადგილდებოდნენ, დღეიდან კი მარშრუტი ახალი ავტობუსებით შეივსო.
მნიშვნელოვანია, ისიც რომ არსებული მარშრუტი გაგრძელდა და მგზავრებს ე.წ. აფრიკის დასახლებიდან საბურთალოს მიმართულებით მოემსახურება. კერძოდ, ბარათაშვილის ქუჩიდან, სადაც დღემდე ბოლო გაჩერება იყო, ავტობუსი იმოძრავებს თავისუფლების მოედნის, რუსთაველის, პეკინის და ვაჟა-ფშაველას გამზირებისკენ, გაივლის ქავთარაძის ქუჩას და მგზავრებს თსუ-ს ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება.
აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს 19 ერთეული ავტობუსი მოემსახურება, დანარჩენი 18-მეტრიანი ავტობუსები კი სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.
ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას.
გარდა ამისა, ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.