შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი მ.თ. დააკავეს. 

მას ბრალად ედება ქურდობა, ძარცვა და  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა-კულტივირება.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, თბილისში მდებარე  ბინებში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირად ღირებული ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მ.თ. ბრალდებულის სახით დააკავა და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულის მიერ, ჩადენილი იყო თბილისში მომხდარი ერთ-ერთი ძარცვის ფაქტიც.

სამართალდამცველებმა ასევე, მ.თ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,  ამოიღეს, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბური და "მცენარე კანაფი".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 178-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.