სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი, მურთაზ ზოდელავა.
ასევე უწყების ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დააკავა.
„ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი, აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და პრიორიტეტულად გააგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს იმ დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ატარებს კორუფციულ ხასიათს“, – განაცხადეს სუსში.
ორივე მათგანი ტელეკომპანია "ფორმულას" ეზოში აიყვანეს.