შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული თ.ფ. დააკავეს.

დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ფ.-მ ფიზიკურად იძალადა 2000 წელს დაბადებულ ლ.გ-ზე და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტრო სასწორი.გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11-151-ე და 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.