საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ მედიასთან განაცხადა, რომ  სასამართლოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების საქმე ფიქრს, დისკუსიას და აზრთა გაცვლა-გამოცვლას მოითხოვს და არ მგონია ისე მარტივად იყო საქმე.

"ჩვენ გატკეპნილ გზაზე კი არ მივდივართ, არამედ უნდა დავადგინოთ ისეთი წესი, ისეთი ინტერპრეტაცია იმ ნორმებისა, რომლებზეც იყო სამი დღის განმავლობაში საუბარი და მსჯელობა, რომ შემდგომში ეს იყოს პრეცედენტი სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც.

პრეცედენტული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა ფიქრს, დისკუსიას და აზრთა გაცვლა-გამოცვლას მოითხოვს და არ მგონია ისე მარტივად იყო საქმე, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი ყოველგვარი არგუმენტის გარეშე წინასწარ იღებს გადაწყვეტილებას და გამოაქვს ვერდიქტი. ეს რა თქმა უნდა არასწორია იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრები ამ წარდგინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ ვართ ბოლომდე ჩამოყალიბებული და არ გვაქვს ერთმანეთისთვის აზრები გაზიარებული“, - განმარტა მერაბ ტურავამ.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვის მე-3 სხდომა მიმდინარეობს. 

არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო.

პროცესში მონაწილეობა წარდგინების ავტორები: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.

სხდომაში მონაწილეობას არ იღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს". - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა. 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს  განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. 18 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციოს პლენუმს გადაეცა.