„ვფიქრობ, ისე არ მოხდება, თქვენ რომ დააფიქსირებთ პოზიციას, პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის, რომ ეს არის იურისტების პოზიცია და მე ხომ იურისტი არ ვარ, იმათ გააკეთეს ასეთი განმარტება, მე ასე ვფიქრობო. გამიკვირდა ის, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც, წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო, რომელშიც პრეზიდენტი მოღვაწეობს და თქვენთან ერთად არ არის, როგორც წარმომადგენელი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.

"თქვენ კვალიფიციური იურისტები ბრძანდებით, ამ შემთხვევაში თქვენს კვალიფიკაციას კი არ ვაყენებთ ეჭვქვეშ, მაგრამ ფაქტები ალბათ საპარლამენტო მდივანმა, პრეზიდენტმა და სხვა პიროვნებებმა უფრო კარგად იცოდნენ, თუმცა თქვენ ამბობთ, რომ ამ დღეებში ისე კარგად შეისწავლეთ ამ წარდგინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ შეგიძლიათ, ჩვენ წინაშე გამოხვიდეთ. თუ სასამართლოს დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, გვაქვს უფლებამოსილება, როგორც სასამართლო ორგანოს, განჩინებით დავადგინოთ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება. სხვა საკითხია, მერე ის ამ შემთხვევაში ისაუბრებს თუ არა ჩვენ წინაშე, მაგრამ თუ ისეთ საკითხები იქნება ვიზიტებთან დაკავშირებით, რომლებიც თქვენი მხრიდან უფრო მეტ ინფორმაციას მოითხოვს, ჩვენ ამ უფლებასაც ვიტოვებთ“, – ასე მიმართა მერაბ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენლებს სასამართლო სხდომაზე.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით დაიწყო.

პროცესში მონაწილეობა წარდგინების ავტორები: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი. სხდომაში მონაწილეობას არ იღებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს". - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა. 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს  განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. 18 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციოს პლენუმს გადაეცა.