თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე.
ნიკა მელია გუშინდელ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მოგვიანებით კი დაწერა: "ჩემი დღევანდელი პროცესი.არც პროკურორები მივიდნენ“მოსართლემ” შემდეგი სხდომა ხვალ 14:00 ჩანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა - არც ხვალ მივალ." - წერს ნიკა მელია "ფეისბუკში".
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსიდან რამდენი საათის შემდეგ ნიკა მელია დააკავეს.
როგორც "აიპრესს " შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს."
ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილი მედიასთან განაცხადა: "ოფიციალურად მივმართეთ სასამართლოს წერილობით და მოვითხოვეთ, ვინაიდან ნიკა მელია დაკავებულია უკანონოდ, გატაცებული პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მოვთხოვეთ სასამართლოს, უზრუნველყოს მისი ეტაპირება დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ნიკა მელიას მიეცემა შესაძლებლობა დეტალებში მოჰყვეს იმ კრიმინალურ აქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ, მასთან მიმართებით პოლიციის ათეულობით მუშაკის მხრიდან".
ცნობისთვის, ნიკა მელიამ 2025 წლის 23 მაისს განაცხადა: 29 მაისს სასამართლოში ვარ დაბარებული, მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიდე, ამას ხალხის პატივისცემის გამო გავაკეთებ
2025 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვალდებულება გუშინ ამოეწურა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ 2025 წლის 28 აპრილს ბრალი წარუდგინა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ "ახალი"-ს ლიდერს ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.