შეხვედრები მქონდა დანიშნული საზღვარგარეთ და ვერ გავფრინდი - ისე დამემუქრა თქვენი სამდივნოს თანამშრომელი, გადავწყვიტე, პრობლემები არ შემექმნა,- ასე მიმართა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, გამოკითხვაზე მყოფმა გრიგოლ ვაშაძემ და კომისიას სთხოვა გამოკითხვაზე დაბარების შესახებ გაფრთხილებისთვის, სხდომამდე განკუთვნილი ორდღიანი ვადა 1 კვირამდე გაზარდონ. 

"დღეს უნდა გავფრენილიყავი, მაგრამ ისე დამემუქრა თქვენი სამდივნოს თანამშრომელი, გადავწყვიტე, პრობლემები არ შემექმნა. თხოვნა მაქვს, 2 დღით ადრე გაფრთხილება, 1 კვირით მაინც გადაიტანოთ, რადგან ყველაფერი ხდება, ხომ იცით, ადამიანის ცხოვრებაში. შეხვედრები მქონდა დანიშნული საზღვარგარეთ და ვერ გავფრინდი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძემ სხდომაზე უპასუხა წულუკიანის კითხვას, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმით თაობაზე და განმარტა, როდის და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

მისი თქმით, მოქალაქეობის დატოვების შესახებ შეტყობინება 2009 წლის იანვარში გაგზავნა.

„2009 წელს გავაგზავნე მოთხოვნა და დასჭირდა 11 თვე ამის განხილვას და შეტყობინებას, რომ რუსეთის ფედერაცია თანხმდება, ჩემი ნებით დავტოვო მათი მოქალაქეობა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა განხილვის თემა ის უხერხულობა, რასაც ოკუპირებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქის დანიშვნის ფაქტი შეიცავდა, ვაშაძემ დადებითად უპასუხა.

„ეს თემა განხილული იყო პრეზიდენტთან და შევთანხმდით, როგორც კი საჭირო მომენტი დადგებოდა, მოქალაქეობაზე უარს ვიტყოდი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავ ადამიანთან, ვინც რუსეთის ფედერაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო, ან ვსწავლობდი, ან ვმუშაობდი, შევხედავდით, შეიძლებოდა თუ არა ამ რესურსის გამოყენება. ვიცოდით, რომ ომის შემდეგ, ადრე თუ გვიან რაღაც კონტაქტები დაგვჭირდებოდა. ეს ხელს არ უშლიდა ნამდვილად, თუ ხელს არ უწყობდა. თუმცა, როდესაც დავრწმუნდით, 2009 წლის 30 იანვარს, რომ ეს არაფერში გამოგვადგებოდა, დავწერე განცხადება, გადავეცი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას და 11 თვის თავზე, დეკემბრის ბოლოს მოვიდა პასუხი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.