2026 წლის 27 მარტს საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლების დამხობის გამო ქართული კოდექსი, სასჯელს არ ითვალისწინებს.
"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ხელისუფლების დამხობა დანაშაულად არ არის მოხსენიებული. არის ქურდობამ, არის ყაჩაღობა, არის ბანდიტიზმი, აბა რომელი მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში სადაც ხელისუფლების დამხობა არის დანაშაული? ეს ნიშნავს რომ ხელისუფლების დამხობა არის კანონიერი მოქმედება.
ჩვეულებრივი ქცევა, ისეთი დიქტატურის პირობებში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეს არის ჩვენი ბუნებრივი უფლება. ეს არის ჩვენი ღმერთის მიერ ბოძებული უფლება და კანონმდებლობაც ამბობს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მუხლი, რომელიც სჯის ხელისუფლების დამხობას.
ხვალ რომ ავდგე მე და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავამხო ხელისუფლება, ზეგ მე ბრალს ვერავინ წამიყენებს. იმიტომ რომ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული არ არის, ის ყველაფერი დაშვებულია. შესაბამისად ჩვენ ერს აქვს ერთადერთი გზა, ფაქტობრივი ხელისუფლების დამხობა. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც სამართლიანი გზა, ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება საქართველომ აღიდგინოს ღირსება.
წარმოიდგინეთ ტროტუარზე დგომა არის დანაშაული კანონმდებლობით, ხელისუფლების დამხობა არ არის ჯერჯერობით, არ ვიცი, გამორჩათ, არ აქვთ შეტანილი. მუხლი რომელიც ხელისუფლების დამხობას დანაშაულად აცხადებს არ არსებობს.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ივანიშვილი დაემხოს სასტიკად, სასტიკად! არაფერს უკანონოს არ ვამბობ და ვფიქრობ გონებაში. ეს არის კანონიერი.
დავამხობთ ივანიშვილსაც, დავამხობთ მის საცეცებსაც, და ყველა ესენი სასტიკად აგებენ პასუხს ქართველი ხალხის წინაშე." - განაცხადა ბაჩანა ახალაიამ სასამართლო პროცესზე. რომლის აუდიო ჩანაწერსაც მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალში ნათქვამია: "გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ.
ბაჩანა ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".









