თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ბრალის წარდგენის მოლოდინშია. დაკავებული დღეს ადვოკატმა კიდევ ერთხელ მოინახულა.
"არაფერში ჩართული არ ყოფილა. არა თუ რაიმე დაგეგმვაში, საერთოდ ამ გამოსვლებში არანაირად ჩართული არ ყოფილა. იმ ადამიანებთან ურთიერთობა აქვს, მაგრამ ის რაოდენობა, რაც არის გაჟღერებული, ამ დრომდე აუხსნელია. ამდენი ზარი ფიზიკურად არ ჰქონია და ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ეს შეიძლება უბრალოდ ინტერნეტ აქტივობა იყოს და მხოლოდ ამას უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი. ხომ გეუბნებით, მათთან კომუნიკაციას არ უარყოფს, არა მარტო სატელეფონო, "ვოცაფით" თუ "მესენჯერით", არამედ შეხვედრილებიც არიან, სახლშიც არის რამდენიმეჯერ ნამყოფი", - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი ორგანიზატორი იყო. გამოძიების თანახმად, ის პროცესებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. სუს-ის თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით - ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს "პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე" 9 წუთით ადრე, რაც შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა.








