"მკვდარი კანონები გააცოცხლეს. მე კონსტიტუციით ვხელმძღვანელობ, სადაც წერია, რომ ყველას აქვს მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება. როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტებოდა, - ამის შესახებ 24 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა და გზის გადაკეტვა ხელოვნურად ვერ მოხდებოდა და მიაჩნია, რომ დაკავებული ადამიანების მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
"ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონი, შეკრების შესახებ კანონს იცავს და ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავისი პროტესტი. ეს ახალი მუხლი აამოქმედეს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ათასობით ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე და როგორ შეიძლება მათ გზა ხელოვნურად გადაეკეტათ? ეს ყველაფერი არის პოლიტიკური და არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს. ამგვარი საქმეები სასამართლოში არ ყოფილა. დღეს ვნახოთ შსს რა არგუმენტებს წარადგენს. მათ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ.
ადმინისტრაციული კოდექსი, საბჭოთა კოდექსია. მკვდარი კანონებია, რომლებიც დღეს გააცოცხლეს. მე კონსტიტუციით ვხელმძღვანელობ, სადაც წერია, რომ ყველას აქვს მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება. როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტება", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე 24 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ათი პირის ინტერესებს იცავს. სამართალწარმოება კი აქციის მონაწილეებს სამანქანო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.