საქართველოს პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბ.ჯ.-მ „ოპინელის“ ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ. ბრალდებული იმ მიზნით, რომ კესარია აბრამიძეს შეხვედროდა და განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ფოტოების გასაჯაროებას დასთანხმდა, რის შემდეგაც კესარია აბრამიძემ ფოტოსურათები სოციალურ ქსელში ატვირთა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებული სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით დაახლოებით 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, შევიდა იქვე მდებარე „ნიკორას“ ფირმის მაღაზიაში, შეიძინა ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 19:27 საათზე კესარია აბრამიძის ბინაში მივიდა. ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯერ ხელი დაარტყა კესარია აბრამიძეს, ხოლო შემდეგ იმავე დღეს შეძენილი დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კესარია აბრამიძე ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით, ჩქარი ნაბიჯით დატოვა, ავთანდილის ქუჩიდან ვეფხისტყაოსნის ქუჩის გავლით გავიდა მირიან მეფის და შემდეგ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ამავე ქუჩაზე მდებარე ნათესავის ბინაში მივიდა, გამოიცვალა მხოლოდ სისხლიანი მაისური და ბინა დატოვა, რის შემდგომაც ჯერ ტაქსით წავიდა დიდუბის მეტროსთან, საიდანაც მეტროთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ იმგზავრა, ხოლო შემდეგ ასევე ტაქსით სენაკისკენ გაემართა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებმა ბ.ჯ. სამტრედიისკენ მიმავალ გზაზე, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს, რის შემდგომაც ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბ.ჯ.-სთან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება - „ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი“, სადაც მან დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.